
AKS-74U არის მცირე ზომის თავდასხმითი ავტომატი, რომელიც მოდიფიცირებულია AK-74 შაშხანიდან. დამოკლებული შაშახანის ლულის სიგრძე მხოლოდ 200 მმ-ს შეადგენს. ეს ახალი ვარიანტი შექმნეს იმიტომ, რომ მას შეეცვალა მოძველებული ასევე მცირე ზომის თავდასხმითი ავტომატი-AKMSU, რომელიც 7.62 x 39 მმ-იან ვაზნებს იყენებს. AKS-74U შეიქმნა კალაშნიკოვის ავტომატების სქემით. თავდაპირველად AKS-74U განკუთვნილი იყო სადესანტო ჯარებისათვის, მაგრამ ავტომატმა ვერ შეძლო სადესანტო ჯარებისთვის “თავის მოწონება” და მას იყენებდნენ (იყენებენ) როგორც მეორად იარაღს ანუ ამ ავტომატებით შეაიარაღეს ტანკების, არტილერიის, ავიაციის და მომსახურების ეკიპაჟები. გარდა ამისა, AKS-74U-ს იყენებენ ანტიტერორისტული, სამართალდამცველი ძალები, სპეციალური დანიშნულების რაზმები და ა.შ. AK-74-თან შედარებით მის მოდიფიკაციას ტყვიის საწყისი სიჩქარე ნაკლები აქვს, ხოლო ეფექტური ცეცხლის წარმოების დიაპაზონის შემცირება პირდაპირპროპორციულია ლულის სიგრძის შემცირებისა, თუმცა AKS-74U-ს აქვს გაცილებით მაღალი შესაძლებლობები ვიდრე ნებისმიერ პისტოლეტს და მისი სწრაფსროლაც აღემატება AK-74-ის სწრაფსროლას.
AKS – 74U მაყუჩით
ტაქტიკურად AKS-74U ძალიან მოსახერხებელია ეკიპაჟებისთვის თავდაცვითი იარაღის კატეგორიაში: მას აქვს მცირე ზომები, მსუბუქია და განკუთვნილია მოკლე დისტანციაზე საბრძოლველად. AKS-74U-იდან სროლისას დაგროვებული გაზები გამოიყოფა ლულაში დატანებული სპეციალური ჭრილებიდან. შაშხანიდან შესაძლებელია ავტომატური და ნახევრად ავტომატური ცეცხლის წარმოება. გადამტენი სახელური განთავსებულია კორპუსის მარჯვენა მხარეს. ამ სახელურს აქვს სამი პოზიცია: უსაფრთხოების, ავტომატური და ნახევრად ავტომატური ცეცხლის წარმოების. იარაღი შეიძლება დაიშალოს (არასრულად) ერთ წუთში. კალაშნიკოვის ეს ვარიანტი, ისევე როგორც ყველა, მარტივია გამოსაყენებლად და ადვილია მისი შენახვა. ჯარისკაცებს კი ყველაფერს ურჩევნიათ მარტივი, საიმედო და გამძლე იარაღი “ედგეთ” გვერდში ბრძოლის ველზე. ისევე, როგორც “კალაშნოკოვის” ყველა შაშხანა, AKS-74U-ც არასდროს უღალატებს მსროლელს არც წვიმაში, არც ტალახში და არც სიცხეში. ასევე იარაღი დაბრკოლებების გარეშე ისვრის ძალიან დაბალ ტემპერატურაზეც. AKS-74U-ს უყენდება 30 ან 45 ვაზნიანი მჭიდები. ავტომატის სახელური პლასტიკური მასალითაა დამზადებული. AKS-74U-ს აქვს დასაკეცი ფოლადის კონდახი AK-74-ს მსგავსად.

ოპტიკით აღჭურვილი AKS – 74U
სროლისას გამოყოფილი დიდი წნევის გამო მწარმოებლები იძულებული გახდნენ AK-74-ის ლულის სისტემა გამოეყენებინათ. AKS-74U-ს ლულის ბოლო გადიდებულია სიგანეში, რომელიც გაზებს ანეიტრალებს და უკუცემას არეგულირებს. ავტომატს შესაძლებელია მაყუჩი მიუყენდეს. იარაღი გამოყენება შეიძლება მოძრავი მანქანიდანაც, სადაც AKS-74-ის გამოყენება მისი პარამეტრებიდან გამომდინარე მოუხერხებელია.
ვარიანტები:
AKS-74U-ს აქვს მოდიფიკაციები. ესენია AKS-74UN და AKS-74UN2.
მონაცემები:
კალიბრი | 5.45 მმ |
საბრძოლო ვაზნა | 5.45 x 39 მმ |
სრული წონა (მჭიდიანად) | 3200 გრ |
წონა მჭიდის გარეშე | 2485 გრ |
სიგრძე | 730 მმ |
სიგრძე (დაკეცილი კონდახით) | 490 მმ |
ლულის სიგრძე | 200 მმ |
ტყვიის საწყისი სიჩქარე | 735 მ/წმ |
სწრაფსროლა წუთში | 700 გასროლა |
ეფექტური დიაპაზონი ცეცხლის წარმოებისა | 300-400 მ |
მჭიდის ტევადობა | 30-45 ვაზნა |
No comments:
Post a Comment