AKM

ავტომატ АКМ-ის ტექნიკური აღწერა
კალაშნიკოვის ავტომატი АКМ-ი წარმოადგენს ავტომატურ იარაღს აირძრავიანი ავტომატიკით, მჭიდური კვებითა და ლულის ჰაერით გაგრილებით.
ავტომატიკის საფუძველს აირძრავი წარმოადგენს, აირის დგუშის გრძელი სვლით. ავტომატიკის წამყვანი რგოლი კი მასიური საკეტის ჩარჩოა,  რომელთანაც ხისტად არის შეერთებული აირის დგუშის ჭოკი. აირკამერა ლულის ზემოთ არის განთავსებული, აირის დგუში  აირის მილაკის შიგნით გადაადგილდება, რომელის მოხსნაც თავისი ლულის ზესადებითვე არის შესაძლებელი.
საკეტის ჩარჩო ლულის კოლოფის შიგნით ორ გვერდით მიმმართველზე გადაადგილდება, ამასთან ერთად კონსტრუქციაში გათვალისწინებულია საკმაოდ დიდი ღრეჩოები ავტომატიკის მოძრავ ნაწილებსა და ლულის კოლოფის უძრავ ელემენტებს შორის, რაც საიმედო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს იარაღის ძლიერი შიდა დაბინძურების დროსაც კი.
კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც მეტად რთულ პირობებში ავტომატიკის საიმედო მუშაობას უწყობს ხელს, ესაა ავტომატის აირძრავის აშკარად ჭარბი სიმძლავრე ნორმალურ პირობებში. ეს, თავის მხრივ, აირის რეგულატორის არქონის საშუალებას იძლევა და ამით კიდევ უფრო ამარტივებს იარაღის კონსტრუქციას და მის ექსპლოატაციას.
ასეთი გადაწყვეტილების ფასს სროლისას იარაღის გაზრდილი უკუცემა და ვიბრაცია წარმოადგენს, რაც ამცირებს ცეცხლის სიზუსტესა და შექუჩულობას, ეს აგრეთვე ამცირებს ლულის კოლოფის რესურსს, რომლის უკანა კედელზეც მასიური საკეტის ჩარჩოს დარტყმები ხორციელდება. ლულის არხის ჩაკეტვა მბრუნავი საკეტით  ორ რადიალურ საბრძოლო ბჯენზე ხდება.
საკეტის ბრუნვა უზრუნველყოფილია მის სხეულზე არსებული შვერილის საკეტის ჩარჩოს შიდა ზედაპირზე ფიგურული ნარიმანდით ურთიერთქმედებისას. დამაბრუნებელი ზამბარა მიმმართველი ღეროთი და მისი ფუძით ერთიანი აწყობის სახითაა შესრულებული. დამაბრუნებელი ზამბარის ღეროს ფუძე ასევე  ასრულებს ლულის კოლოფის ხუფის ჩამკეტის ფუნქციასაც. ავტომატის გადასატენი სახელური საკეტის ჩარჩოსთან არის გაერთიანებული, იგი იარაღის მარჯვენა მხარესაა განთავსებული და სროლისას მოძრაობს.
АКМ-ის ლულის კოლოფი შტამპირებული ფოლადის ფურცლებით არის დამზადებული, მის წინა ნაწილში მოქლონებით დამაგრებული ფრეზირებული ჩანართით. АК-ს ძველ ავტომატებზე ლულის კოლოფი კომბინირებული იყო და როგორც დაშტამპული, ისე ფრეზირებული ელემენტებისაგან შდგებოდა, АК-ს სერიულად წარმოებულ მოდელებს კი მთლიანად ფრეზირებული ლულის კოლოფი გააჩნდა. ფრეზირებული და შტამპირებული ლულის კოლოფები ერთმანეთისაგან გამორჩევა ადვილად არის შესაძლებელი პირველივე შეხედვითაც კი  მჭიდის ბუდის თავზე არსებული ნაჭდევების ფორმების საშუალებით. АК-47-ზე, რომელსაც ფრეზირებული ლულის კოლოფი გააჩნია, ნაჭდევები საკმაოდ გრძელი, მართკუთხა ფორმის ფრეზირებული ჩაღრმავებებია, ხოლო АКМ-ზე კი ეს მცირე ზომის ოვალური ფორმის შტამპირებაა.
АКМ-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ჩახმახიანია, იგი უზრუნველყოფს როგორც ერთეულოვანი, ისე ავტომატური ჯერით ცეცხლის წარმოებას. ცეცხლის წარმოების რეჟიმის შერჩევა და იარაღის დამცველზე დაყენება იარაღის ლულის კოლოფის მარჯვენა მხარეს არსებული დაშტამპული გრძელი ბერკეტით ხორციელდება. ზედა მდგომარეობაში იგი დამცველის ფუნქციას ასრულებს – ის ხურავს ლულის კოლოფში არსებულ ჭრილს, იცავს მექანიზმს მასში მტვრისა და ჭუჭყის მოხვედრისაგან, ბლოკავს საკეტის ჩარჩოების უკან მოძრაობას და ასევე კეტავს სასხლეტის კაუჭს. შუა მდგომარეობაში იგი ბლოკავს ცეცხლის წარმოების ერთეულოვანი რეჟიმის შეპტალოს და უზრუნველყოფს ცეცხლის ავტომატური ჯერით წარმოებას. ქვედა მდგომარეობაში ერთეულოვანი გასროლების შეპტალო თავისუფლდება და უზრუნველყოფს ცეცხლის წარმოებას ერთეულოვან რეჟიმში. АКМ-ის დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმში, АК-სგან განსხვავებით, დამატებით განთავსებულია ჩახმახის მოქმედების შემნელებელი მოწყობილობაც, რომელიც ავტომატურ რეჟიმში სროლისას აკავებს ჩახმახის დაშვებას, ავტოსასხლეტის ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე მილიწამის განმავლობაში. ეს საკეტის ჩარჩოს უკიდურეს წინა მდგომარეობაში სტაბილიზაციის საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ ეს მოწყობილობა ავტომატის სროლის ტემპს პრაქტიკულად არ ამცირებს, ამავდროულად კი აუმჯობესებს იარაღის სტაბილურ მუშაობას.
კალაშნიკოვი თავის ქმნილებასთან ერთად
იარაღის ლულის ტუჩა ნაწილს კუთხვილი გააჩნია, რომელზედაც თავდაპირველად ფუჭი ვაზნების სასროლად სპეციალური საცმი მაგრდებოდა, ხოლო მისი არარსებობისას – დამცველი მილისი ყენდებოდა. სამოციანი წლების დასაწყისიდანვე АКМ-ის ტიპის ავტომატების აღნიშნულ კუთხვილებზე კომპენსატორების დაყენება დაიწყეს, რომელიც ამცირებს, ასე ვთქვათ,  იარაღის ლულის ერთ-ერთ მხარეზე აგდებასა და წაღებას (АК-47-ის სროლისას იარაღი ზემოთ და მარჯვნივ მიიწევს, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი ავტომატურ რეჟიმში სროლისას არის, ამ ფაქტის განმაპირობებელი კი ავტომატის ლულაში არსებული ღარების მიმართულებაა). იარაღის შედარებით გასტაბილურება ლულიდან გამომავალი დამწვარი დენთის აირების კომპენსატორის ქვედა შვერილზე ზემოქმედებით მიიღწევა. ეს შვერილი ლულის ქვედა მარცხენა მხარეს არის განთავსებული. ამის გარდა, ამავე კუთხვილზე ასევე შესაძლებელია სპეციალური მაყუჩის (მოწყობილობა, რომელიც ამცირებს გასროლისას გამოყოფილ ხმასა და ალს) ПБС-ის ან ПБС-1-ის დაყენებაც, რომლებიც სპეციალური ოპერაციების ჩატარებისას გამოიყენება.
АКМН -ი ПБС-ით
ავტომატების ვაზნებით კვება ყუთის მსგავსი მჭიდებიდან ხორციელდება, რომლებშიც ვაზნები ორ რიგად თავსდება. მჭიდების საშტატო ტევადობა 30 ვაზნას შეადგენს. ადრეული მჭიდები დაშტამპული ფოლადისაგან მზადდებოდა და ბრტყელი კედლები გააჩნდა. უფრო მოგვიანებით კი გამოჩნდა მოხრილი მჭიდები, რომლებიც ასევე დაშტამპული ფოლადისაგან იყო დამზადებული, სიმტკიცისათვის დაშტამპული იყო მათი გვერდებიც. ასევე იყო ალუმინისაგან დამზადებული მსუბუქწონიანი მჭიდებიც. შემდგომ შეიარაღებულ ძალებში გამოჩნდა პლასტიკური მჭიდები, რომლებსაც დამახასიათებელი მუქი ფორთხოლისფერი შეფერილობა გააჩნდათ. საჭიროების შემთხვევაში АКМ-ზე შესაძლებელია გამოყენებული იქნას ხელის ტყვიამფრქვევ РПК-ს  40-ვაზნიანი მჭიდებიც და 75-ვაზნიანი დისკებიც.
ავტომატის ადრეულ მოდელებზე სალულე, პისტოლეტის ხელისმოსაკიდი და კონდახი ხისგან იყო დამზადებული. კონდახის ფოლადის მხარზე მისადებს ხუფი გააჩნია, რომელიც ფარავს იმ ნიშას, რომელიც იარაღის საწმენდი და მოსავლელი ნივთებისათვის არის განკუთვნილი.  АКМ-ის კონდახი, АК-47-ის კონდახთან შედარებით, უფრო ზევით იქნა აწეული, რითაც ლულისა და კონდახის ხაზი უფრო მიუახლოვდა ერთმანეთს, რამაც შეამცირა იარაღის ხელში მოძრაობა სროლისას. ავტომატების ნაწილზე პისტოლეტის სახელური ფანერისაგან ან პლასტიკისგან იყო დამზადებული. АК და АКМ კომპლექტირებულია ქარქაშიანი ხიშტ-დანებით და საიარაღე ღვედებით.
სამხედრო-საჰაერო ჯარებისათვის სპეციალურად შემუშავებული იქნა ავტომატის მოდიფიკაცია АКС-ი და АКМС-ი, რომელთაც შტამპირებული ფოლადისაგან დამზადებული დასაკეცი კონდახები გააჩნდათ. პირველი მათგანი АК-47-ის, ხოლო მეორე კი АКМ-ის კონსტრუქციაზე იყო ბაზირებული. ორივე იარაღის კონდახი დაკეცვისას ჯერ ქვემოთ, ხოლო შემდეგ წინ გადაადგილდება და ლულის კოლოფის ქვეშ თავსდება. ასეთი ავტომატების გასაწმენდი კომპლექტი ცალკე მოყვება.
ავტომატის სამიზნე მოწყობილობა რეგულირებადი (გამიზვნისათვის) სამიზნისა და ასევე რეგულირებადი სამრჯვისაგან შედგება, რომელსაც აღიშვნები  АК-ს შემთხვევაში 800, ხოლო АКМ-ის შემთხვევაში 1000 მეტრამდე აქვს. ავტომატის ვარიანტ АКМН-ს ლულის კოლოფის მარცხენა მხარეზე სპეციალური თამასა გააჩნია, რომელიც ღამის სამიზნის კრონშტეინის დასამაგრებლად არის განკუთვნილი.
АКМН-ი ღამის ხედვის სამიზნე НСПУ-ით
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:
კალიბრი
7.62×39 მმ
სიგრძე
870 მმ
ლულის სიგრძე
415 მმ
წონა (ცარიელი მჭიდით)
АК: 4,3 კგ; , АКМ:3,14 კგ
მჭიდის ტევადობა
30 ვაზნა
სროლის ტემპი
600 გასროლა / წთ
ორი ლეგენდარული ადამიანი – მარცხნივ ყველასათვის ცნობილი მიხეილ კალაშნიკოვია, რომელსაც ხელში მ-16-ის ტიპის შაშხანა უჭირავს, ხოლო მარჯვნივ მდგომი არც თუ ისე ცნობილი პიროვნება, მ-16-ის შემქმნელი იუჯინ სტოუნერია “კალაშნიკოვით” ხელში.

No comments:

Post a Comment