AK 47 მოდიფიკაციები

კალაშნიკოვის ავტომატი  АК-47 და მისი მოდიფიკაციები – АКС – АКМ – АКМС
კალაშნიკოვის ავტომატის ამ ქვეყნად მოვლინების  ისტორია სათავეს 1942 წლის მიწურულიდან იღებს, როდესაც  საბჭოთა ჯარებმა ვოლხოვის ფრონტზე  გერმანული ავტომატური კარაბინის (ან, უბრალოდ, ავტომატი)MKb.42(H)-ის პირველი ნიმუშები ჩაიგდეს ხელთ, რომელიც შუალედურ, 7.92х33 მმ-იან  ვაზნებზე იყო გათვლილი.
1943 წლის ზაფხულში  თავდაცვის სახალხო კომისარიატში გამართულ თათბირზე ნაალაფარი გერმანული ავტომატის, MKb.42(H)-ისა და ამერიკული  M1-ის (აღნიშნული იარაღი ამერიკამ მიაწოდა საბჭოთა კავშირს) ტიპის კარაბინის  შესწავლის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აუცილებელი იყო საბჭოთა კავშირში სასწრაფოდ დაწყებულიყო მუშაობა შუალედურ ვაზნაზე გათვლილ ცეცხლსასროლი იარაღის შესაქმნელად, რომელიც ქვეითებს ეფექტური ცეცხლის წარმოების შესალებლობას დაახლოებით 400 მეტრის სიშორეზე მისცემდა (ანუ გასცდებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების ეფექტური ცეცხლის წარმოების სიშორის ფარგლებს).
შეიარაღების ახალ კომპლექსის შემუშავება დაწყებული იყო. რა თქმა უნდა,  ასევე მიდიოდა მუშაობა ახალი შუალედური ვაზნის შესაქმნელადაც. და უკვე 1943 წლის ნოემბერში ყველა იმ საკონსტრუქტორო ბიუროს თუ ორგანიზაციას, რომლებიც ახალი ცეცხლსასროლი იარაღის შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას, ახალი ვაზნის ნახაზები და სპეციფიკაციები დაეგზავნათ. ახალი ვაზნა  კონსტრუქტორების -  ნიკოლაი ელიზაროვისა და ბორის სიომინის მიერ იქნა შემუშავებული. აღნიშნული ვაზნას  ბოთლის ფორმის ჰილზა გააჩნდა, რომლის სიგრძეც 41 მმ-ს შეადგენდა და 7.62 მმ კალიბრის წვეტიანი ტყვიით იყო აღჭურვილი. ტყვიის მასა 8 გრამს შეადგენდა და ტყვიისაგან (მეტალი) დამზადებული გულარი გააჩნდა.

შუალედურ ვაზნებზე (7.62х41მმ) გათვლილი პირველი საბჭოთა ავტომატი АС-44.
ახალ ვაზნაზე გათვლილი იარაღის შემუშავება რამდენიმე მიმართულებით დაიწყო, ეს იყო ავტომატი, თვითდამტენი კარაბინი და ხელით გადასატენი კარაბინი. 1944 წლის შუა ხანებში საგამოცდო კომისიამ შემდგომი განვითარებისათვისა და დახვეწისათვის სუდაევის კონსტრუქციის ავტომატი შეარჩია, რომელსაც ინდექსი  АС-44 მიენიჭა. მისი შემდგომი დამუშავებისა და დახვეწის შედეგად კი მიღებული იქნა გადაწყვეტილება, აღნიშნული ტიპის ავტომატების მცირე რაოდენობით წარმოების შესახებ, რათა შექმნილი ნიმუშები გამოსაცდელად სამხედროებისათვის გადაეცათ და იარაღის რეალურ საბრძოლო პრობებში გამოცდა მომხდარიყო. აღნიშნული საჯარისო გამოცდები 1945 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში გრძელდებოდა. იარაღის გამოცდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიის სხვდასხვა ნაწილის გარდა ასევე მიმდინარეობდა გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედი საბჭოთა ჯარების ჯგუფებშიც. გამოცდების საერთო შედეგი დადებითი აღმოჩნდა, თუმცა სამხედოები აღნიშნვადნენ, რომ აუცილებლად უნდა შემცირებულიყო ავტომატის მასა, რომელიც ვაზნების გარეშე 5 კილოგრამს აღემატებოდა. საბოლოო ჯამში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 1946 წლის დასაწყისში გამოცდების კიდევ ერთი ტური ჩაეტარებინათ.
სწორედ ამ დროს გამოდის სცენაზე სერჟანტი კალაშნიკოვი. 1942 წელს, საბრძოლო მოქმედებებში დაშავების შემდეგ, როცა ის მკურნალობის კურსს გადიოდა, მან ორიგინალური კონსტრუციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი შეიმუშავა. კალაშნიკოვის პირველი იარაღი უარყოფილი იქნა, მიზეზად კი მისი სირთულე დასახელდა, თუმცა, ამის შემდგომ, თავად კონსტრუქტორი, სწავლისა და მუშაობის გასაგრძელებლად,  გაგზავნილი იქნა ცეცხლსასროლი და ნაღმსატყორცნი შეიარაღების სამეცნიერო-საგამოცდო პოლიგონზე (НИПСМВО – Научно-испытательный полигон стрелкового и минометного вооружения) ქალაქ  შუროვოში, მოსკოვის შორეახლოს, სადაც მან უკვე სხვა იარაღზე დაიწყო მუშაობა.
სერჟანტ კალაშნიკოვის შემდგომ ქმნილებას თვითდამტენი კარაბინი წარმოადგენდა, რომელიც მან შუროვოში 1944 წელს შეიმუშავა. ამ კარაბინის კონსტრუქციაშიც ამერიკული M1 Garand-ის ტიპის შაშხანის აშკარა გავლენა ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ ეს იარაღი წარმატებული არ გამოდგა, იგი კალაშნიკოვმა გამოიყენა როგორც საწყისი წერტილი მისი პირველი ავტომატის შესაქმნელად, რომელიც თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც АК №1 ან  АК-46, ხოლო როდესაც ავტომატისათვის ახალი კონკურსი გამოცხადდა კალაშნიკოვმა მაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

კალაშნიკოვის პირველი საცდელი ავტომატი АК-46, რომელიც 7.62х41 მმ კალიბრის ვაზნებს იყენებდა
1946 წლის ნოემბერში, რამდენიმე სხვა პროექტს შორის, კალაშნიკოვის პროექტი მოწონებული იქნა საცდელი ნიმუშების დასამზადებლად. კალაშნიკოვი მივლინებული იქნა ქალაქ კოვროვში მდებარე  №2 ქარხანაში, რათა უშუალოდ დაემზადებინა ავტომატის საცდელი ნიმუშები. კალაშნიკოვის პირველ ავტომატს, რომელიც ცნობილი გახდა როგორც АК-46, მოკლე სვლის ავტომატიკა გააჩნდა, აირის დგუში ლულის თავზე იყო განთავსებული, ხოლო მბრუნავი საკეტი „გარანდის“ მსგავსი იყო. ავტომატს აგრეთვე ჰქონდა კონსტრუქცია გასახსნელი ლულის კოლოფით, და  იარაღის მარცხენა მხარეს განთავსებული  ცალ-ცალკე არსებული დამცველითა და ცეცხლის რეჟიმის გადამრთველით.

АК-46-ის არასრული დაშლა
1946 წლის დეკემბერში კალაშნიკოვის ავტომატი  АК-46 გამოცდებზე წარსდგა, სადაც მის მთავარი კონკურენტებს ტულის ავტომატები – ბულკინის АБ-46 და დემენტიევის ავტომატი АД წარმოადგენდა. ამ გამოცდებისას სუდაევის ავტომატი АС-44 სხვა ავტომატების შესამოწმებლად გამოიყენებოდა, ვინაიდან კონსტრუქტორ სუდაევის უდროოდ გარდაცვალების გამო, რომელიც 1945 წლისათვის მძიმედ ავად იმყოფებოდა, მისი ავტომატის შემდგომი განვითარება-დახვეწის პროცესი შეწყვეტილი იქნა. გამოცდების პირველი ტურის შემდეგ კალაშნიკოვის ავტომატი, ბულკინისა და დემენტიევის კონსტრუქციის ავტომატებთან ერთად, საგამოცდო კომისიის მიერ შერჩეულ იქნა შემდგომი განვითარებისათვის.

ბულკინის საცდელი ავტომატი АБ-46, რომელმაც არსებითი გავლენა იქონია კალაშნიკოვის ავტომატ АК-47-ის კოსტრუქციაზე.

АБ-46-ის არასრული დაშლა
პირველ ტურს გამოცდების მეორე ტური მოჰყვა, რომლის შემდეგადაც კალაშნიკოვის მიერ გაუმჯობესებული АК-46 კომისიამ შემდგომი დამუშავებისა და დახვეწისათვის უვარგისად ცნო და დაიწუნა – იგი ბულკინისა და დემენტიევის მიერ შექმნილ ავტომატებს მრავალ ასპექტში მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, კალაშნიკოვმა  (კომისიის მთელი რიგი წევრების მხარდაჭერით,  რომელიც НИПСМВО-ს ოფიცრებისაგან იყო დაკომპლექტებული და რომლებთან ერთადაც პოლიგონზე მიხეილ კალაშნიკოვი 1943 წლიდან მსახურობდა) მიაღწია იმას, რომ მიღებული გადაწყვეტილება ხელახლა გადაიხედა, მან აგრეთვე მიიღო თანხმობა, გაეგრძელებინა თავისი ავტომატის შემდგომი გაუმჯობესება, რათა იგი გამოცდების შემდგომი ტურისათვის მოემზადებინა.
დავბრუნდეთ კოვროვში, კალაშნიკოვმა თავისი კონსტრუქციის რადიკალურად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო, რაშიც მას აქტიურ დახმარებას უწევდა კოვროვსკის ქარხნის გამოცდილი კონსტრუქტორი ზაიცევი. შედეგად, გამოცდების შემდგომი ტურისათვის ფაქტიურად ახალი ავტომატი იქნა შექმნილი, რომელსაც АК-46-თან ძალიან მცირე მსგავსება გააჩნდა, თუმცა სამაგიეროდ ძალიან დიდი მსგავსება ჰქონდა თავის ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტთან – ბულკინის ავტომატთან (მაგალითად,  საკეტის ჩარჩო ხისტად მიერთებული აირის დგუშით, ლულის კოლოფებისა და მათი ხუფების კომპონირება, დამაბრუნებელი ზამბარის განთავსება მიმმართველით და დამაბრუნებელი ზამბარის მიმმართველზე შვერილის გამოყენება ლულის კოლოფის ხუფის ჩასაკეტად). საერთოდ, ახალი ავტომატის ყველა საკვანძო კონსტრუქციული გადაწყვეტა სხვა სისტემებიდან იყო გადმოღებული – ასე მაგალითად, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, მცირედი გაუმჯობესებით, ჰოლეკის  ჩეხური თვითდამტენი შაშხანებიდან  იყო ნასესხები, დამცველის ბერკეტი, რომელიც აგრეთვე წარმოადგენდა საკეტის სახელურის ფანჯრის მტვრისგან დამცავ ხუფსაც, ბრაუნინგის კონსტრუქციის თვითდამტენი შაშხანა Remington 8-დან იყო გადმოტანილი, ლულის კოლოფის შიგნით საკეტის ჯგუფის „ჩამოკიდება“, ხახუნის მინიმალური ფართობითა და დიდი ღრეჩოთი კი სუდაევის ავტომატისეული იყო.

 კალაშნიკოვის ავტომატის 1947 წლის პირველი საცდელი ნიმუში, ასევე ცნობილი, როგორც АК-47
აქ უნდა აღინიშნოს, რომ მითითებულ პერიოდში სხვისი კონსტრუქციული გადაწყვეტილებების კოპირება და სესხებას (მათ შორის პირდაპირ კონკურენტებისაგან) არა მხოლოდ არ კრძალავდნენ, არამედ პირდაპირ მიესალმებოდნენ კიდეც, როგორც საგამოცდო კომისიები, ისე  ზემდგომი ორგანიზაციები. საბოლოო ჯამში, ყველა ინტელექტუალური საკუთრება (დღევანდელი გაგებით) იმ დროს სსრკ-ში განიხილებოდა საერთო საკუთრებად, ე. ი. ეკუთვნოდა არა ერთ გამომგონებელს, არამედ ყველა ადამიანს (ან სახელმწიფოს), და, შესაბამისად, შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო როგორც ხალხის, ისე იმ ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომელსაც ამის სურვილი გააჩნდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად უკვე დამტკიცებული და წარმატებული გადაწყვეტილებების გამოყენება სრულიადაც არ არის გარანტია იმისა, რომ შედეგად მიღებული ნიმუში წარმატებული იქნება – ამისათვის აუცილებლად საჭიროა მნიშვნელოვანი საიჟინრო-საკონსტრუქტორო მუშაობა, რომელიც კალაშნიკოვისა და ზაიცევის მიერ უმოკლეს დროში იქნა გაკეთებული.

საცდელი АК-47-ის არასრული დაშლა
შედეგად, გამოცდების მომდევნო ტურზე, რომელიც 1946 წლის დეკემბერსა და 1947 წლის იანვარში გაიმართა, სამი ავტომატი იღებდა მონაწილეობას, ესენი იყო – დემენტიევისა და ბულკინის ოდნავ შეცვლილი ავტომატები და კალაშნიკოვისა და ზაიცევის ფაქტიურად ახალი ავტომატი.
გამოცდების შედეგად წარმოდგენილი ავტომატების ვერც ერთმა ნიმუშმა სრულად ვერ დააკმაყოფილა წაყენებული ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები – კალაშნიკოვის ავტომატი, სამიდან ყველაზე საიმედო გამოდგა, თუმცა მისგან ნასროლ ტყვიებს დიდი გაფანტულობა გააჩნდათ და, შესაბამისად, იარაღი არ იყო დამაკმაყოფილებელი სროლის შექუჩულობის მხრივ. წარმოდგენილი სამიდან ერთადერთი ავტომატი, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა სროლის შექუჩულობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს ბულკინის სისტემის ТКБ-415 იყო, თუმცა მას პრობლემები გააჩნდა საიმედოობასა და მთელი რიგი დეტალების გამძლეობის მხრივ. გამომცდელი კომისიის შეხვედრაზე კონკურსის მომდევნო ეტაპის შედეგებით საბოლოო ჯამში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საჯარისო გამოცდებისათვის რეკომენდაცია კალაშნიკოვის ავტომატისათვის გაეწიათ, ვინაიდან იგი ყველაზე უფრო საიმედო იყო, ხოლო სროლის შექუჩულობაზე წაყენებულ მოთხოვნებთან იარაღის შესაბამისობაში მოყვანა განუსაზღვრელი ვადით იქნა გადადებული. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გამართლებულად იქნას მიჩნეული იმ თვალსაზრისით, რომ იმ მომენტში საბჭოთა კავშირის არმიაში არსებული სიტუაციის გამო ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა უახლოეს მომავალში შეიარაღებული ძალების საიმედო, თუმცა არც თუ ისე მაღალი სიზუსტის ავტომატებით აღჭურვა, ვიდრე ლოდინი იმ დრომდე, ვიდრე არ გამოჩნდებოდა იარაღი, რომელიც იქნებოდა საიმედოც და აგრეთვე ექნებოდა სროლის მაღალი სიზუსტეც. ამასთანავე, არავინ იცოდა, თუ როდის გამოჩნდებოდა ასეთი იარაღი.

1947 წლის კალაშნიკოვის საცდელი ავტომატის მეორე მოდელი
გადაწყდა, რომ ახალი ავტომატების  წარმოება იჟევსკის ქარხანაში უნდა გამართულიყო, სადაც კალაშნიკოვი კოვროვიდან 1947 წლის მიწურულს იქნა გაგზავნილი.  ახალი ავტომატების პირველი პარტიები იჟევსკში 1948 წლის შუა ხანებში დამზადდა, ხოლო 1949 წლის მიწურულისათვის საჯარისო გამოცდების შედეგად ახალი ავტომატი საბჭოთა არმიის შეიარაღებაში ორ ვარიანტად იქნა მიღებული – პირველ მათგანს აღნიშნვა „7.62мм автомат Калашникова АК“, ანუ „კალაშნიკოვის 7.62-მმ-იანი ავტომატი АК“  მიენიჭა, ხოლო მეორეს „7.62мм автомат Калашникова со складным прикладом АКС“, ანუ „ კალაშნიკოვის 7.62-მმ-იანი ავტომატი დასაკეცი კონდახით АКС-ი“. ეს  უკანასკნელი საჰაერო-სადესანტო ჯარებისათვის იყო განკუთვნილი.

კალაშნიკოვის ავტომატ АК-ს სერიული ნიმუში, რომელიც 1949-51 წლებში იწარმოებოდა შტამპირებული ლულის კოლოფებით.
ახალი ავტომატების სერიული წარმოება იჟევსკში დიდი პრობლემებით დაიწყო. მთავარი პრობლემა იარაღის ლულის კოლოფი იყო, რომელიც დაშტამპული ფოლადის კორპუსისა და წინა ნაწილში განთავსებული მოქლონებით დამაგრებული მასიური ფრეზირებული სადებისაგან შედგებოდა. ტექნოლოგიის არასრულყოფილებამ ლულის კოლოფის ფორმებისა და ზომების დამახინჯება და სხვა მრავალი პრობლემა გამოიწვია, რის გამოც წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი წუნდებული  აღმოჩნდა. პრობლემის ანალიზის შემდეგ ქარხნის კონსტრუქტორებმა ერთი შეხედვით პარადოქსული გადაწყვეტილება მიიღეს – მათ გადაწყვიტეს გადასულიყვნენ ლულის კოლოფის „მოძველებულ“, ფრეზირების  ტექნოლოგიაზე ნაცვლად შტამპირებისა, ამასთანავე მოქლონების გამოყენება ეკონომიკურად გამართლებული იქნებოდა, იმის გამო, რომ მკვეთრად შემცირდებოდა წუნდებული პროდუქციის რაოდენობა და, რა თქმა უნდა, უკან დაბრუნებული უხარისხო იარაღების რაოდენობაც.

1951 წლის შემდგომ გამოშვებული კალაშნიკოვის ავტომატ АК -ს სერიული ნიმუში, ფრეზირებული ლულის კოლოფით
ახალი ლულის კოლოფი იჟევსკის ქარხნის მთავარი კონსტრუქტორის განყოფილებაში იქნა შემუშავებული, და 1951 წლისათვის АК-47-სა და АКС-ის ტიპის ავტომატების გამოშვება ფრეზირებული ლულის კოლოფებით დაიწყო. ამასთანავე წარმოების მსვლელობისას კონსტრუქციასა და ავტომატების გამოშვების ტექნოლოგიაში  მრავალი უმჯობესობა იქნა შეტანილი.

АКС-47
ორმოცდაათიანი წლების პირველ ნახევარში კორობოვის საცდელი ავტომატის – ТКБ-517-ის გამოჩენამ, რომელიც АК-47-ს სროლის შექუჩულობის მხრივ სჯაბნიდა და ასევე იყო შედარებით უფრო მსუბუქიც და უფრო იაფიც წარმოებაში, 1955 წელს მსუბუქწონიან ავტომატზე ახალი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გამოჩენა გამოიწვია. ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების გარდა ასევე დამატებული იქნა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ავტომატები მაქსიმალურად უნიფიცირებული უნდა ყოფილიყო ხელის ტყვიამფრქვევებთან – ათეული დონის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერის იარაღთან. ახალი სისტემების საკონკურსო გამოცდები 1957-58 წლებში გაიმართა. კონკურსში სხვადასხვა საკონსტრუქტორო ბიუროების  მიერ წარმოდგენილ ნიმუშთა საკმაოდ დიდი სპექტრი იღებდა მონაწილეობას. ამ გამოცდებზე კალაშნიკოვის ჯგუფმა აკ-47-ის გაუმჯობესებული ვარიანტი წარადგინა, რომელსაც ახალი, დაშტამპული ლულის კოლოფი გააჩნდა. ახალ ავტომატთან ერთად მათ ასევე წარადგინის მის ბაზაზე დამზადებული ხელის ტყვიამფრქვევი РПК-ც. გამოცდების შედეგად 1959 წელს საბჭოთა კავშირის არმიის შეიარაღებაში მიღებული იქნა იარაღი სახელწოდებით „7.62мм автомат Калашникова модернизированный АКМ“ – „7.62-მმ-იანი მოდერნიზებული კალაშნიკოვის ავტომატი АКМ-ი“. იარაღმა მაღალი საიმედოობა და სიზუსტისა და სროლის შექუჩულობის მისაღები მახასიათებლები აჩვენა, გარდა ამისა, იგი აგრეთვე „ნაცნობი“ იყო როგორც წარმოებაში, ისე ჯარებშიც.

АКМ
1974 წელს საბჭოთა არმიის შეიარაღებაში 5.45 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი კომპლექსი იქნა მიღებული, რომელიც АК-74-ის ტიპის ავტომატისა და РПК-74-ის ტიპის ხელის ტყვიამფრქვევისაგან შედგებოდა. ამის შედეგად სსრკ-ში АКМ-ის ტიპის ავტომატების წარმოება შემცირებული იქნა. მიუხედავად ამისა, 7.62 მმ-იანი АКМ-ის ტიპის ავტომატების მნიშვნელოვანი რაოდენობა კვლავაც რჩება რუსეთის არმიის სხვადასხვა სახეობის ჯარების შეიარღებაში. აღნიშნული 7.62-მმ-იანი  ავტომტების არც თუ ისე მცირე რაოდენობა აგრეთვე იმყოფება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მილიციის შეიარაღებაშიც.
АК-47-ები და შემდგომში АКМ-ები დიდი რაოდენობით მიეწოდა საბჭოთა კავშირისადმი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებსა და რეჟიმებს, როგორც მზა იარაღის სახით, ისე მისი წარმოების ლიცენზია, თავის აუცილებელ დოკუმენტაციასა და ტექნიკურ დახმარებასთან ერთად. 7.62-მმ-იანი ავტომატები იწარმოებოდა ალბანეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, გდრ-ში, ეგვიპტეში, ერაყში, ჩინეთში, რუმინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ფინეთში, ხოლო ექსპორტზე იგი კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში იქნა გატანილი. სწორედ რომ ვთქვათ, კალაშნიკოვის ავტომატების ასე ფართოდ გავრცელება მსოფლიოში (როგორც წესი, АК-ს ტიპის ავტომატების მთელს მსოფლიოში წარმოებული რაოდენობა შეფასებულია დაახლოებით 90 მილიონ ერთეულად) პირველ რიგში საბჭოთა კავშირის პოლიტიკით იქნა განპირობებული -  ავტომატებსა და მისი წარმოების ტექნოლოგიას გულუხვად ურიგებდა ყველას, ვინც მზადყოფნას განაცხადებდა ევლო სოციალური გზით ან კიდევ იმათ, ვინც მსოფლიო იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გამოაცხადებდა. წარსულში ასეთი გულუხვობის შედეგად თანამედროვეობაში რუსეთმა ავტომატების ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, ვინაიდან ახლა ყოფილ სოციალისტური ბლოკში შემავალ ქვეყნების დიდ ნაწილში იწარმოება კალაშნიკოვის ავტომატების როგორც საბაზისო ან მისი მოდერნიზებული, ისე მის ბაზაზე შემნილი ვარიანტები. საუბარი რაიმე საპატენტო უფლებების დარღვევაზე ამ შემთხვევაში უდგილოა, იმიტომ, რომ  კონსტრუქციის არაორიგინალურობის გათვალისწინების გარეშეც კი მისი ასაკი აღემატება პატენტის დაცვის ყველა მაქსიმალურ ვადას და 1997 წელს მიღებული პატენტი „კალაშნიკოვის ავტომატზე“ (მსოფლიო პატენტი WO9905467 1999 წლის 4 თებერვლიდან) ფაქტიურად იცავს მხოლოდ ცალკეულ გადაწყვეტილებას, რომლებიც АК-74М-ის სერიის ავტომატებშია განხორციელებული, და არანაირად უფრო ძველ АК-სა და АКМ-ში.
АК-ს სამოქალაქო ნახევრადავტომატური ვარიანტები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც რუსეთში („საიგას“ სერიის კარაბინები და საფანტის თოფები), ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებშიც, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
АК-სთან დაკავშირებული ერთ-ერთი მითის თანახმად კალაშნიკოვმა  АК-47 გერმანულ ავტომატ МР-43-დან „გადმოიხატა“, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Stg.44, ამაზე მიუთითებს აგრეთვე ისიც, რომ ზოგიერთი მონაცემების თანახმად გერმანელი მეიარაღე ჰუგო შმაისერი 1947-დან 1950 წლამდე იჟევსკში მუშაობდა. მართლაც,  ერთი შეხედვით, АК-სა და МР-43-ის გარე კომპონირება მსგავსია, ისევე, როგორც მსგავსია კონცეპცია შუალედურ ვაზნებზე გათვლილი ავტომატური იარაღის შესახებაც. მსგავსი აირძრავების გამოყენების გამო, რომელიც   შმაისერამდე და კალაშნიკოვამდე კარგა ხნით ადრე იყო გამოგონილი, მსგავსი მოხაზულობისაა იარაღების ლულები, სამიზნეები და აირგამტარი მილაკები. АК-სა და MP-43-ის დაშლა ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავებულად ხდება: АК-ს ლულის კოლოფის ხუფი ეხსნება, ხოლო МР-43-ზე  კი შტიფტზე დამაგრებული დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კოლოფი, ცეცხლის მართვის ბერკეტთან ერთად, ქვემოთ იხსნება, დაახლოებით ისე, როგორც M-4-ის ტიპის ავტომატურ კარაბინებზე ხდება. განსხვავებულია აგრეთვე ლულის ჩაკეტვის მოწყობილობაც (ამისათვის АК მბრუნავ საკეტს იყენებს, ხოლო MP-43 კი საკეტის დახრას ) და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებიც. სავსებით შესაძლებელია, რომ კალაშნიკოვმა იცოდა MP-43-ის შესახებ, მაგრამ ცხადია, რომ თავისი ავტომატის შექმნისას ის უფრო სხვა ცნობილ ნიმუშებსა და სისტემებზე იყო ორიენტირებული. კალაშნიკოვის მთავარი დამსახურებას (უფრო სწორად – მისი გუნდის ყველა წევრის, რომლებიც დაკავებული იყვნენ  ავტომატის შემუშავებითა და გამართვით) წარმოადგენდა ის, რომ მან უკვე ცნობილ და აპრობირებულ გადაწყვეტილებებს ოპტიმალური კომპონირება გაუკეთა ერთ ნიმუშში, რომელიც აკმაყოფილებდა იარაღისადმი წარდგენილ მოთხოვნებს.
АК-47-ისა და მისი მოდიფიკაციების ღირსებები ყველასათვის ცნობილია – ესაა იარაღის განსაკუთრებით მაღალი საიმედოობა მისი ექსპლოატაციისას ყველაზე რთულ და მძიმე  პირობებში კი, აგრეთვე არაპრეტენზიულობა, გამოყენებისა და მომსახურების სიმარტივე და  დაბალი ღირებულება მასობრივ წარმოებაში. დადებითი მახასიათებლების გარდა, იარაღს, რა თქმა უნდა, გააჩნია უარყოფითი მხარეებიც, რომლებიც ასევე კარგადაა ცნობილი. იარაღის ნეგატიური მხარეებიდან პირველ რიგში მთლიანად იარაღის არც თუ ისე მოხერხებული ერგონომიკაა აღსანიშნავი – განსაკუთრებით ბევრ, თუმცა დამსახურებულ საყვედურს იწვევს იარაღის ცეცხლის რეჟიმის გადამრთველ-დამცველი, რომელიც უხერხულია გამოსაყენებლად, ასევე უხერხულია კონდახიც თავისი ფორმისა და ზომების გამო.
მოკლე სამიზნე ხაზზე განთავსებული საკმაოდ უხეში სამიზნე მოწყობილობები ასევე არ უწყობს ხელს სროლის სიზუსტეს, განსაკუთრებით ერთეულოვანი გასროლებით ცეცხლის წარმოებისას. ამასთანავე ყველა ზემოთ აღნიშნული ნაკლოვანების აღმოფხვრა მარტივად იყო შესაძლებელი, ამასთანავე თუ მაინცდამაინც АКМ-ებზე არა, უეჭველად მის შემდგომ მოდიფიკაცია – АК-74-ებზე, თუმცა სამხედრო ჩინოვნიკთა კონსერვატიზმი და მწარმოებლები, სამწუხაროდ, შეუვალნი აღმოჩნდნენ.
საერთო ჯამში, АК შეიძლება დახასიათდეს როგორც იდეალური იარაღი უკვე კარგა ხნის  განვლილ მეორე მსოფლიო ომისათვის, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი – იგი ამ ომის  სრულიად ახალი და ერთობ მკაცრი გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა. ლოკლური ომებისა და კონფლიქტების წარმოების თანამედროვე პირობებისათვის  АК/АКМ/АК-74-ის მთელი ოჯახი ნაწილობრივ მოძველებულია, მაგრამ რაიმე სერიოზული შემცვლელები ამ დრომდე არ ჩანდა – ცხადი იყო, რომ ნიკონოვის ავტომატი АН-94 შეიარაღებულ ძალებში АК-74-ს ვერ შეცვლდა თავისი სირთულის გამო. თუმცა, ამასთანავე АКМ-ისა და АК-74-ის დასაცავად უნდა ითქვას, რომ რუსეთის დღევანდელ არმიაში, რომელიც გაწვევითი ტიპისაა, პოტენციურად გაცილებით უფრო ეფექტური ავტომატის შეტანითაც კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სახის არსებითი ეფექტი იქნეს მიღწეული, ვინაიდან მისი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის ჯარისკაცის სასროლო მომზადების დონის რადიკალური ცვლილება (და რაც მთავარია – ამაღლება) არის საჭირო.

No comments:

Post a Comment